სამხრეთ კორეაში მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი გამოვიდა
სამხრეთ კორეაში მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი გამოვიდა

კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსმა“ ახალი სმარტფონი, გალაქსი S10 5G წარმოადგინა — მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელშიც ჩაშენებულია მეხუთე თაობის კომუნიკაციის ტექნოლოგია.

რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუშვა 5G. ქვეყნის სამ სუპერსწრაფ ქსელში მონაცემთა სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ მთლიანი ფილმის ჩამოტვირთვა წამზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი.

კორეის ამ ნაბიჯიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის საკომუნიკაციო გიგანტმა „ვერაიზონმა“ მსგავსი ტექნოლოგიის კომერციული სერვისი ჩიკაგოსა და მინეაპოლისში გაუშვა. გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის კიდევ ერთმა გიგანტმა, AT&T-მ 5G-ზე დაფუძნებული სისტემა ხელმისაწვდომი გახადა წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ მომხმარებელთათვის.

სამხრეთ კორეის სამმა მობილურმა ოპერატორმა, SK ტელეკომმა, KT-მ და LG უპლუსმა „გალაქსი S10-ისთვის სეულში სპეციალური ღონისძიებებიც მოაწყვეს.

„სამსუნგის“ სმარტფონებისთვის 5G-ის ოფიციალურად გაშვებამდე, ეს სერვისი სამხრეთ კორეაში აქამდე მხოლოდ სპეციალურად შერჩეული მომხმარებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

თვის ბოლოს, 5G სმარტფონის წარმოდგენას გეგმავს „სამსუნგის“ კონკურენტი, LG-იც; მის სმარტფონს V50 ThinQ ერქმევა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში „ვერაისონის“ ქსელში 5G სერვისზე სპეციალური წვდომის საფუძველზე მუშაობს „ლენოვოს“ სმარტფონი „მოტო Z3“.

5G ტექნოლოგია გადამწყვეტია ისეთი მოწყობილობების სამომავლო განვითარებისთვის, როგორებიცაა თვითმართვადი ავტომანქანები და ინტერნეტ-ნივთები.

ლონდონში ბაზირებული ორგანიზაცია „მობილური კომუნიკაციების გლობალური სისტემის“ მონაცემებით, 2034 წლისთვის 5G ტექნოლოგია გლობალურ ეკონომიკას 565 მილიარდი დოლარის მოგებას მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ 5G ტექნოლოგიებზე აქტიურად მუშაობს ჩინეთიც. 5G პატენტების დაახლოებით მესამედი, 3400 პატენტი სწორედ ჩინურ კომპანიებს ეკუთვნის; მათ შორის 1529 კი „ჰუავეის“ მიერ არის დარეგისტრირებული.

2051 პატენტით მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, მესამეზე კი აშშ 1368 პატენტით.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.