სამხრეთ კორეაში ფერმერებმა მოითხოვეს კანონპროექტის გაუქმება, რომელიც ძაღლების ხორცის მოხმარებას კრძალავს, აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
სამხრეთ კორეაში ფერმერებმა მოითხოვეს კანონპროექტის გაუქმება, რომელიც ძაღლების ხორცის მოხმარებას კრძალავს, აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

სამხრეთ კორეაში, დედაქალაქ სეულში 200-მდე ფერმერი პრეზიდენტის ოფისთან შეიკრიბა და ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვის გეგმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

ისინი კანონპროექტის გაუქმებას ითხოვენ. დემონსტრაცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ფერმერებმა პრეზიდენტის ოფისთან გალიებიდან ძაღლების გამოშვება სცადეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, დაკავებულია სამი ადამიანი.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის მმართველმა პარტიამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ძაღლების მოშენებას და საკვებად გაყიდვას კრძალავს. კანონპროექტი ითვალისწინებს ფინანსურ კომპენსაციას იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ძაღლების მოშენებით არიან დაკავებული. მათ საკუთარი საქმიანობის დასრულება სამი წლის ვადაში მოუწევთ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ დადგა დრო, ძაღლის ხორცის საკვებად მიღების სადავო პრაქტიკა დასრულდეს. პარტიის ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიციისა და საზოგადოების ფართო მხარდაჭერა აქვს. კორეის ძაღლის ხორცის ფერმერთა ასოციაცია აცხადებს, რომ სეულში, სამთავრობო შენობებთან ორი მილიონი ძაღლის გამოშვებას განიხილავს.