სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე ოთხი წუთით ადრე შეწყდა
სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე ოთხი წუთით ადრე შეწყდა

ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე ოთხი წუთით ადრე შეწყდა. ინფორმაციას „როიტერი“ სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ, თუ რა გახდა თვითმფრინავის შავი ყუთების მუშაობის შეჩერების მიზეზი. ასევე ცნობილია, რომ თვითმფრინავის ხმის ჩამწერი მოწყობილობა ჯერ სამხრეთ კორეაში შეამოწმეს და როდესაც აღმოაჩინეს, რომ მონაცემები აკლდა, აშშ-ში გაგზავნეს.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას Jeju Air-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 179 პირი დაიღუპა. მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია.