სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნების შეზღუდვა, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს სეულის იძულებას, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის ძალისხმევას ირანის ომთან დაკავშირებით

13:07, 19.08.2026

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეზღუდვის შესახებ, სავარაუდოდ, ნაწილობრივ მიზნად ისახავს სეულის იძულებას, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის ძალისხმევას ირანის ომთან დაკავშირებით.

ჩო ჰიონმა ამის მიზეზად ასევე დაასახელა სხვა გადაუჭრელი საკითხები, მათ შორის ინვესტიციების მიმართულებით.

„ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მოიცავს ზეწოლას სამხრეთ კორეის მთავრობაზე რამდენიმე გადაუჭრელ საკითხთან დაკავშირებით, ასევე გზავნილს ჩრდილოეთ კორეისთვის და შეერთებული შტატების განზრახვას, გამოვიდეს ირანთან ომში არსებული ჩიხიდან“, – განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის მოსაზრებით, ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტი შესაძლოა იყოს სამხრეთ კორეასთან შარშან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, სეულმა აშშ-ში 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო. „როიტერის“ ცნობით, სეულს საინვესტიციო გეგმის დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვაშინგტონმა სამხრეთ კორეას გაუგზავნა წინადადება იმ პროექტების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, განიხილონ.

„ინვესტიციების გეგმაზე უფრო სწრაფად ვერ ვიმუშავებდით, რადგან უნდა გაგვეთვალისწინებინა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა კომერციული სიცოცხლისუნარიანობა და სამართლებრივი პროცედურები“, – განაცხადა ჩომ.

​მან ასევე ახსენა სხვა გაუთვალისწინებელი პრობლემები, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა 19 აგვისტოს განაცხადეს, რომ ყოველწლიურ სამხედრო წვრთნების ხანგრძლივობას 11 დღიდან ხუთ დღემდე შეამცირებენ. ეს გადაწყვეტილება ტრამპის ბრძანებას მოჰყვა, რომელიც მანევრებში აშშ-ის მონაწილეობის არსებით შემცირებას ითვალისწინებს.

მსგავსი