სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - შთამბეჭდავია რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ახორციელებს
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - შთამბეჭდავია რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ახორციელებს

აღსანიშნავია ბევრი საერთაშორისო რეიტინგი, მათ შორის, „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგიც, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად წინ წავიდა საქართველო და რამდენად მიზანდასახულად ახორციელებს რეფორმებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინესმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და რეფორმების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას, განვიხილეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს სატრანსპორტო სექტორში. ასევე, ეკონომიკური მიმართულებით ვისაუბრეთ კონკურენტუნარიანობასა და ინკლუზიურ ზრდაზე კერძო სექტორში, განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალი, განათლება და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით, მუშაობა და თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

ამასთან, როგორც სებასტიან მოლინესმა აღნიშნა, კვლავ ბევრია გასაკეთებელი ეკონომიკური განვითარების, ადამიანური კაპიტალის, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებაში.

„ეს არის საერთო, სტრატეგიული ხედვა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად პარტნიორობის ფარგლებში შევიმუშავეთ. ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ველით ქვეყანასთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის (CPF) ფარგლებში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას დამატებითი რეფორმების განხორციელებისთვის“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს დღეს შეხვდა.