სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარი 93 ათას ჰექტარზე გავრცელდა
სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარი 93 ათას ჰექტარზე გავრცელდა

სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარმა სულ უფრო მეტი ტერიტორია მოიცვა. ამჟამად ხანძარი „ტომასი“ 93 ათას ჰექტარზეა გავრცელებული, რაც ქალაქ ნიუ-იორკის ფართობზე მეტია. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ყოველდღიურად ხანძარი თითქმის 20 ათას ჰექტარზე ვრცელდება.

ხანძარი „ტომასი“ კალიფორნიის ისტორიაში მასშტაბით მეხუთე გახდა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე მეხანძრე.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცეცხლმა ასობით სახლი გაანადგურა და 200 ათას ადამიანს საცხოვრებლის დატოვება აიძულა.

შტატის ხელისუფლებამ საფრთხის მაქსიმალური – იისფერი დონე გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა კი, კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ცხრა ათასამდე მეხანძრე მონაწილეობს.

კალიფორნიის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მასშტაბური ხანძრები ამიერიდან ყოველ წელს ან რამდენიმე წელში ერთხელ გაჩნდება.

დატოვე კომენტარი