სამხრეთ აფრიკაში არეულობას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკაში არეულობას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში არეულობას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გასულ ხუთშაბათს, ყოფილი პრეზიდენტის, იაკობ ზუმას დაკავების შედეგად დაწყებული საპროტესტო აქცია, რომელიც ძირითადად კვაზულუს და გაუტენგის პროვინციებში და ქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარეობდა არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს და სხვადასხვა კომერციული ფართების ძარცვა დაიწყეს.

არეულობის ფონზე ხელისუფლებამ პოლიციის დამატებითი ძალების და სამხედროების მობილიზება მოახდინა, რამაც ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გამოიწვია. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 45 ადამიანია დაღუპული და 800-მდე დაკავებული.

პოლიციის განცხადებით, ასობით ადამიანი შეიჭრა საწყობებში და სავაჭრო ცენტრებში. მძარცველებმა აფრიკის კონტინენტის ყველაზე დატვირთული გადამზიდი ტერმინალიც გაძარცვეს ქალაქ დურბანში. პოლიციის მინისტრის, ბეკე ჩელის განცხადებით, რაიმეთი უკმაყოფილება ან პირადი გარემოებები არ აძლევს ხალხს ძარცვის, ნგრევის და კანონის დარღვევის უფლებას. მისი თქმით, თუ არეულობა და ძარცვა სწრაფად არ აღიკვეთა რამდენიმე რეგიონი საკვები მარაგების გარეშე აღმოჩნდება.

ამჟამად, კვაზულუსა და გაუტენგის პროვინციებში სამხედროები და საპოლიციო ძალები პატრულირებენ.

79 წლის იაკუბ ზუმა საკონსტიტუციო სასამართლოს ბრძანების უგულებელყოფის ბრალდებით დააკავეს. მან უარი განაცხადა, ჩვენება მიეცა საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომლებიც მისი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში არსებულ კორუფციულ გარიგებებს იძიებდნენ. სასამართლომ მას 15 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რასაც კვაზულუსა და გაუტენგის პროვინციებში მასობრივი აქციები და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მაგისტრალების ბლოკადა მოჰყვა.

დატოვე კომენტარი