სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - ცივი იარაღი, რომლითაც ჯარისკაცებმა ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა
სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი - ცივი იარაღი, რომლითაც ჯარისკაცებმა ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა

ცივი იარაღი, რომლითაც ჯარისკაცებმა ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა განუცხადა.

„პირველ აგვისტოს, საღამოს საათებში სერჟანტთა მომზადების აკადემიაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც სხეულის სხვადახვა სახის დაზიანება მიიღო ხუთმა მოსამსახურემ, მათ შორის სამმა ცივი იარაღით. ხუთივე სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოებში პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით. ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ხიშტი დანებით არ მომხდარა ეს შემთხვევა. რატომ ჰქონდათ ცივი იარაღი, დგინდება“, – აღნიშნა ირაკლი ბაზერაშვილმა.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ინციდენტის დროს ადგილზე სამხედრო პოლიცია, ირაკლი ბაზერაშვილმა აღნიშნა, რომ დაპირისპირების მომენტში ადგილზე სამხედრო პოლიცია არ ყოფილა, თუმცა უწყების წარმომადგენლები დაუყონებლივ მივიდნენ, დაიწყო გამოძიება და ჩატარდა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ გამოძიება საწყის ეტაპზეა.

„ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – დასძინა ირაკლი ბაზერაშვილმა.

რაც შეეხება მომხდარის მოტივს, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ჯარისკაცებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით.

„ნასვამები არ იყვნენ. დეტალები დგინდება. ცივი იარაღი რითაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. გამოძიების პროცესში ყველა დეტალი დაზუსტდება, გაირკვევა და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, თუ გამოიკვეთა ვინმეს პასუხისმგებლობა. ჩატარდა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის დროსაც ამოღებული იქნა შესაბამისი კვლევები შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით და და დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.