სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს საქართველოს რუკა გადასცეს, რომელზეც გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია დატანილი.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები შეიკრიბნენ.

IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

დატოვე კომენტარი