სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი მის შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს
სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი მის შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს

სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი აცხადებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ზოგიერთ მედიასაშუალებაში ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მისამართით ცილისწამებას წარმოადგენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, ის სავარაუდო თავდამსხმელად სახელდება.

„მინდა განვაცხადო, რომ ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული პიროვნებების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება და ცრუ ბრალდება. ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიაში.

ძარცვის დღეს ვიმყოფებოდი სახლში, ვცხოვრობ თბილისში. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა და ისეთ ადგილებში ვიარე, სადაც ყველგან დაფიქსირებული ვარ“, – განაცხადა ხვიბლიანმა.

თემურ ხვიბლიანი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთ მძევალთან, დავით ხვიბლიანთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის იყო თავდამსხმელის თანამზრახველი.

თემურ ხვიბლიანის ინფორმაციით, ბანკში ხელფასის ასაღებად იყო მისული.

„ვაცხადებ, რომ მეამაყება დავით ხვიბლიანი. ის სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში. იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე, რაც ბოლო პერიოდში მუშაობის ძალიან ცნობილი მეთოდია. მან მიიღო მობილურზე შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე, ჩავიდა ბანკში და გარკვეული დროის შემდეგ შევარდა მძარცველი. შესაბამისად, ისიც მოხვდა მძევალთა შორის. სხვათა შორის, დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად, ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან. სინამდვილეში ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხო გამოსვლაში“, – განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.

თემურ ხვიბლიანი ცრუ ბრალდებების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივ საშუალებებს მიმართავს.

„რბილად რომ ვთქვათ, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი საშუალებები, რომელსაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავ. ჩემ მიმართ და დავით ხვიბლიანის მიმართ აბსოლუტური ცილისწამება იყო ეს“, – განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.