სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს
სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

როგორც პრესსამსახურის მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებულ პრიგოჟინის განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი ცნობის მიუხედავად, ბახმუტში კვლავ გრძელდება სასტიკი ბრძოლები, თითოეული ქუჩისთვის, თითოეული სახლისა და თითოეული კიბის უჯრედისთვის.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები უკან არ იხევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლომდე იბრძვიან“, – აღნიშნავს პრიგოჟინი, რომლის სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები მონაწილეობენ ბახმუტის დასაკავებლად მიმდინარე ბრძოლაში.

მანამდე, რუსულმა სამხედრო ტელეგრამარხმა „ვაგნერის“ მებრძოლებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ უკრაინულმა არმიამ ბახმუტის ჩრდილოეთი უბნები დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბახმუტთან არსებულ მძიმე მდგომარეობას ადასტურებს უკრაინული მხარე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას რუსეთმა მთელი ძალები გადაისროლა უკრაინის თავდაცვის ხაზის გასარღვევად და ბახმუტის ალყაში მოსაქცევად. ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. ბრიტანული სამხედრო დაზვევრის ცნობით კი, რუსეთის არმის გარკვეული წინსვლის შედეგად, ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება.