სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ
სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში უკვე ჩაერთნენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას. აცრამდე მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და პირადად გაესაუბრნენ.

მათივე ცნობით, მოსახლეობის მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში.

„თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.