სამირ აბასოვი - ჩემპიონთა ლიგა დიდი ტურნირია და „დინამოსთან“ მატჩამდე გუნდში მღელვარება იგრძნობა #1TVSPORT
სამირ აბასოვი - ჩემპიონთა ლიგა დიდი ტურნირია და „დინამოსთან“ მატჩამდე გუნდში მღელვარება იგრძნობა #1TVSPORT

ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა პრესკონფერენციაზე „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ილაპარაკა.

– წლების შემდეგ ჩვენი კლუბის ასეთ ტურნირზე მონაწილეობა დიდი პატივია და ეს ძალიან გვიხარია. ვერ ვიტყვი, რომ არ ვღელავ. ეს დიდი ტურნირია და მღელვარება გუნდშიც იგრძნობა, მაგრამ გვჯერა და გვწამს, დაძაბულობა თამაშის დროს მოიხსნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ.

– აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე გუნდს უპირატესობები გააჩნია. ჩვენთან პირველობა დასრულებულია, საქართველოში კი ჩემპიონატი მიდის, გუნდი შეთამაშებულია და ტონუსშია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მზად არ ვართ. კარგი შეკრება გვქონდა, სამი სპარინგი ჩავატარეთ და მიმაჩნია, რომ ევროთასებისთვის კარგად მოვემზადეთ.

– გასაგებია, რომ ხვალინდელი მატჩი დაძაბული იქნება – ეს ცხადია. მეტოქის სქემას გავეცანით, ბოლო მატჩებს ვაკვირდებოდით. მაგრამ ერთია თეორიულად რომ სწავლობ გუნდს და მეორეა, პრაქტიკაში რომ ნახავ. თანაც, „დინამო“ დიდი გუნდია, დიდი ისტორიით და ეს მის გამოცდილებაზე მეტყველებს. ცხადაძეს კარგად ვიცნობ, მისი ფეხბურთელი ვიყავი და მისი შესაძლებლობები ჩემთვის ცნობილია.

„დინამო“-„ნეფთჩის“ დაპირისპირება 7 ივლისს თბილისში, 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.