სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

„წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ  გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ “კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათივე ინფორმაციით, წყაროს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა მასშტაბის არის აღნიშნული გეგმა ან სულ რამდენი ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება იგეგმება.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და გამოძიება უნდა დაიწყოს.