„სამგურალმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ბათუმის „დინამოსთან“ შეწყვიტა #1TVSPORT
„სამგურალმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ბათუმის „დინამოსთან“ შეწყვიტა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დამაჯერებელი გამარჯვებით შეწყვიტა – 3:0.

„26 მაისი არენაზე“ გამართული დაპირისპირება სანახაობრივი გამოდგა. მე-12 წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა. ბათუმელებს ანგარიშის გათანაბრება 29-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ უერდი მარამ შანსით ვერ ისარგებლა – მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მისი დარტყმა მოიგერია.

ფანცულაიამ (42 წუთზე) კი შესვენებამდე მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა და დუბლი შეასრულა.

საკადრო პრობლემების მქონე ბათუმის „დინამოს“ თამაშის შემოტრიალების ძალა არ აღმოაჩნდა. „სამგურალმა“ კი მე-60 წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ლუკა ხორხელმა პანენკას სტილში ძალიან ეფექტურად შეასრულა.

17 ტურის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალმა“ 15 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და მე-7 ადგილზე გადავიდა, ბათუმის „დინამო“ (27) კი მე-5 ადგილზეა.