„სამგურალის“ პრეზიდენტი - თურქულ შეკრებაზე ლეგიონერებს კიდევ ველით #1TVSPORT
„სამგურალის“ პრეზიდენტი - თურქულ შეკრებაზე ლეგიონერებს კიდევ ველით #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივეში გაიმარჯვა. გუნდის პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა ჩემპიონატისთვის გუნდის მზადებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ საკონტროლო შეხვედრებში ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილია.

„მოსამზადებელ ეტაპზე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ და დიდი დატვირთვების ფონზე გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ორივე მატჩი მოვიგეთ, რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ საკონტროლო მატჩებს სხვა დატვირთვა აქვს, ჯერ მზადების პირველ ეტაპზე ვართ, მწვრთნელები ტაქტიკურ სამუშაოებს ატარებენ, შემადგენლობებიც ექსპერიმენტალურია. რამდენიმე დღეში გუნდი მიემგზავრება ანტალიაში, სადაც 4 ან 5 საკონტროლო მატჩს გავმართავთ“, – განაცხადა მიხეილ იაშვილმა.

მისი თქმით, შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან.

„მწვრთნელების თხოვნით, სპარინგებისთვის ძლიერი მეტოქეები შეირჩა. უკვე გარკვეულია სამი მეტოქე. ძალიან კარგი გუნდია უკრაინის პრემიერლიგის „კოლოსი“, ასევე, ვორონეჟის „ფაკელი“, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოსაა და კარგი შემადგენლობაც ჰყავს. „ფაკელის“ თამაშები ვნახეთ – წამყვან რუსულ კლუბებთან და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე ძლიერი გუნდია „ჰელსინგორი“, რომელიც დანიის პირველი ლიგის ლიდერია. კიდევ ორი მეტოქე ადგილზე გაირკვევა. მოკლედ, ანტალიაში კარგი სპარინგები გველოდება. გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და კარგად მოემზადება“.

იასლილმა გუნდის სატრანსფერო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ გაძლიერების პროცესი გრძელდება და ლეგიონერებს კიდევ ელიან.

„საკმაოდ კარგი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, თუმცა ფეხბურთელები შეიძლება კიდევ დაგვემატონ. 4 თებერვალს ანტალიაში ორ ლეგიონერს ველოდებით. ერთი სენეგალელი ფორვარდია, რომელიც წინა სეზონში იტალიის სერია C-ს კლუბში თამაშობდა, ასევე პეტერბურგის „ზენიტის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელს. მათ მწვრთნელები საქმეში ნახავენ და ამის შემდეგ გადაწყდება დარჩებიან თუ არა გუნდში. მინდა გითხრათ, რომ იმედიანად ვარ განწყობილი, ვფიქრობთ, წლეულს „სამგურალი“ იმაზე გაცილებით კარგი გუნდი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო“.