„სამგურალი“-„საბურთალო“ - თასის ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს #1TVSPORT
„სამგურალი“-„საბურთალო“ - თასის ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2021 წლის ფინალს ქუთაისი უმასპინძლებს – ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობაში მითითებულია, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს „სამგურალისა“ და თბილისის „საბურთალოს“ დაპირისპირება 8 დეკემბერს გაიმართება.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალმა“ ქობულეთში 3:2 დაამარცხა „შუქურა“ და თასის ფინალში ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მესამედ გავიდა.

პირველად გუნდმა ფინალში 1999 წელს ითამაშა. მაშინ გუნდი „დინამო არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და ძირითად დროში დასრულებული ფრეს (0:0) შემდეგ პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა.

მეორედ წყალტუბოელებმა ფინალში 2020 წელს ითამაშეს – გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე „სამგურალი“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და მეორედაც პენალტების სერიაში დამარცხდა. ძირითადი დრო მაშინაც 0:0 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერია გუნდმა 3:5 დათმო.

მეორე ფინალისტი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გაირკვა, სადაც „საბურთალომ“ ჩემპიონატის ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

თბილისური კლუბი თასის ფინალში მეორედ ითამაშებს. პირველად ეს 2019 წელს მოხდა, როდესაც გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ 3:1 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა.