„საბურთალო“ საქართველოს თასის მეორე ფინალისტია - თბილისელები ტიტულისთვის „სამგურალს“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
„საბურთალო“ საქართველოს თასის მეორე ფინალისტია - თბილისელები ტიტულისთვის „სამგურალს“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT

„საბურთალო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 2:1.

თასის მეორე 1/2 ფინალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „საბურთალო“ პირველ ტაიმში ბათუმის „დინამოსთან“ უპირატესობას დაეუფლა და 34- წუთზე ანგარიში გახსნა – საჯარიმოში ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ, ბათუმელთა კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ ბურთი ცუდად მოიგერია და დამატებაზე კი „საბურთალოს“ ლეგიონერმა, დმიტრი მანდრიჩენკომ ზუსტად დაარტყა – 1:0.

„საბურთალოს“ სხვაობის გაზრდის კიდევ ორი მშვენიერი შანსი ჰქონდა. მე-40 წუთზე იური ტაბატაძემ საჯარიმოში შეტევა გიორგი გოჩოლეიშვილს გაუგრძელა, რომელმაც კარგად ვერ დაარტყა და შანსი დაკარგა. 46-ე წუთზე კი თორნიკე ძებნიაურის უძლიერესი დარტყმის შემდეგ, ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბურთი ფეხით მოიგერია.

თბილისელებმა სტუმართა კარის მეორედ აღება მაინც მოახერხეს – „საბურთალოს“ უპირატესობა 54-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა ულამაზესი მოჭრილი დარტყმით გაზარდა – 2:0.

84-ე წუთზე თბილისელთა კარში ძალიან საკამათო პენალტი დაინიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა უნაკლოდ შეასრულა – 2:1. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და „საბურთალო“ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა.

პირველი ნახევარფინალი ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ გაიმართა, სადაც სოსო ფრუიძის წყალტუბოს „სამგურალმა“ ქობულეთის „შუქურა“ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში 3:2 დაამარცხა და ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, არსებობის ისტორიაში კი – მესამედ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს „სამგურალი“ და „საბურთალო“ შეხვდებიან.