„სამგურალი“ კაპიტანმა დატოვა - გუნდმა ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალში“, რომელმაც ახალი სეზონისთვის დაკომპლექტება დეკემბრის ბოლოს დაიწყო, მორიგი სატრანსფერო სიახლეა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
თედო კიკაბიძეს, რომელიც „სამგურალს“ 6 წლის განმავლობაში კაპიტნობდა, კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა. ეროვნულ ლიგასა და საქართველოს თასზე მან 151 მატჩი ჩაატარა.
ამავე დროს, წყალტუბოელებმა ბათუმის „დინამოდან“ 25 წლის ფორვარდი დავით მუჯირი დაიმატეს. მუჯირი 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში უთამაშია „ანთალიასპორის“ 19-წლამდე გუნდში, „ვიტ ჯორჯიაში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და ქობულეთის „შუქურაში“. 2021-2022 წლებში სლოვაკურ „ზლატე მორავცეში“ გამოდიოდა.
მომდევნო ორი სეზონი დავით მუჯირმა „თელავში“ გაატარა, 2023 წელს კი ქობულეთის „შუქურაში“ დაბრუნდა და 9 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გასული სეზონი მან ბათუმის „დინამოში“ გაატარა. ეროვნულ ლიგასა და თასზე გამართულ 32 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.