სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში საბაგიროს პროექტის განხორციელება მომავალ წელს დაიწყება
სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში საბაგიროს პროექტის განხორციელება მომავალ წელს დაიწყება

თბილისში ორი ახალი საბაგირო გზა მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საუბარია საბაგიროს პროექტების განხორციელებაზე სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში.

„სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების განვითარება და ინტეგრაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მაგალითად როგორიც არის საბაგირო – ჩვენ ამ მიმართულებით მთელი რიგი კვლევები გვაქვს ჩატარებული და გამოკვეთილი გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც შეიძლება, საბაგიროს პროექტის განხორციელება. ერთი არის სამგორის რაიონში და მეორე – ნაძალადევის რაიონში“, – განაცხადა მერმა.

მისი თქმით, სამგორის რაიონში საბაგიროს პროექტის განხორციელება მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება, ხოლო ნაძალადევში – მომავალი წლის ბოლოს.

„ვფიქრობთ, სამგორის რაიონში მომავალი წლის დასაწყისში უკვე უშუალოდ პროექტის განცორციელებას დავიწყებთ და შემდეგი წლის ბოლოსთვის დავიწყებთ ასევე ნაძალადევის რაიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია, ინტეგრირება მოხდეს, როგორც ავტობუსის მეტროსთან, მეტროს საბაგიროსთან და, პირიქით. ეს ხელს შეუწყობს ადამიანების გადაადგილებას სწრაფად და ეფექტიანად“, – განაცხადა თბილისის მერმა პრეზენტაციაზე.