სამგორის გამგებელი აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულები ხვალიდან ექსპერტების თანდასწრებით ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ
სამგორის გამგებელი აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულები ხვალიდან ექსპერტების თანდასწრებით ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ

თბილისის მერიაში ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.

როგორც სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხვალიდან ექსპერტების თანდასწრებით მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ და დაიწყება ზარალის აღწერა.

„მოვაჭრეების მხრიდან შექმნილია 15-კაციანი საინიციატივო ჯგუფი. ეს ადამიანები მუდმივად იქნებიან ჩვენთან კონტაქტზე და მათი მეშვეობით დანარჩენი მოვაჭრეები მიიღებენ ინფორმაციას ყოველდღიურად. შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მათ აწუხებთ. გამოიკვეთა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა იყო, მივაწოდეთ მათ ყველანაირი ინფორმაცია. შეხვედრას მართავდა მერის მოადგილე ილია ელოშვილი. ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ჩვენ დავგეგმეთ, რომ ხვალიდან დაიწყება მოვაჭრეების შეყვანა ტერიტორიაზე და ექსპერტების თანდასწრებით დააფიქსირებენ ზარალს და დაიწყებენ მის აღწერას. ასევე დაგეგმილია მომდევნო დღეებში, ხვალ ან ზეგ სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რომ დავეხმაროთ მათ ამ კომუნიკაციაში და ბოლომდე გავუზიარებთ ინფორმაციას რასაც მივიღებთ, როგორც ადმინისტრაციიდან, ისე სადაზღვეოდან. ალტერნატიულ ფართებს რაც შეეხება, ბაზრის ტერიტორიაზეა გარკვეული ნაწილი, რომელიც გადაურჩა ხანძარს, ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა, რომ იქ მოაწყონ დახლები და მისცენ საშუალება მოვაჭრეებს გააგრძელონ მუშაობა გადასახადის გარეშე. ამასთან, აღნიშნული ბაზრობის სიახლოვეს მათ აქვთ ასევე სავაჭრო ფართი, სადაც ასევე შესთავაზებენ ვაჭრობის გაგრძელებას, სანამ ბაზრობა პირვანდელ სახეს დაუბრუნდება. ყველას აქვს მზაობა, ამ გაჭირვებულ ადამიანებს დაუდგნენ გვერდით“, – განაცხადა გამგებელმა.