სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტზე ტენდერი ნოემბერში გამოცხადდება
სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტზე ტენდერი ნოემბერში გამოცხადდება

თბილისში, სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ საზოგადოებას აღნიშნული პროექტის ტექნიკური დეტალები დღეს მთავრობის სხდომაზე გააცნო.

„პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი, დამოუკიდებელი მიწისზედა ხაზის მშენებლობას მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე.  სამგორის მეტროსადგურთან მიწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც დაუკავშირდება აქამდე მოქმედ სადგურს და ეს იქნება ერთგვარი გადასასვლელი სადგური, რათა მგზავრობა შესაძლებელი იყოს ლილოს, ასევე აეროპორტის მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში კი, აღნიშნულ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა ივლის.

მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე მოცდის დრო დაახლოებით 10 წუთი იქნება, თუმცა, დაემატება მატარებლები და მოცდის დროც შემცირდება.

„ამ ხაზით ყოველდღიურად, დაახლოებით 150 000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის განხორციელება შეამცირებს ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელს, საცობსა და ჰაერის დაბინძურების დონეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია. ტენდერი კი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება.

„დაახლოებით 2019 წლის მეორე ნახევარში გვექნება სრული პროექტი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქალაქისა და ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად გადაადგილდებიან – უფრო სწრაფი, კომფორტული საშუალება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს, ასევე, კომპანიებს, რომლებსაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ. პროექტის განხორციელებას კი, დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდება.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ჩატარდება კვლევა, რამდენად შესაძლებლი იქნება ამ პროექტის განხორციელება, თუ არის სირთულე, თუ არის პრობლემა, ყველაფერი გვეცოდინება. ამიტომ დაველოდოთ კვლევას და კვლევის შედეგად მიღებული ანალიზით შესაძლებელი იქნება, სამომავლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.