სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში იწყება პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“
სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში იწყება პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“

დავიწყებთ „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ პროგრამას, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თითეული ქართველი ოჯახისთვის, რომელიც მზად არის, გარკვეული რისკები აიღოს საკუთარ თავზე, დაიწყოს მეწარმეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის გასაცნობად მოქალაქეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ, არამედ ისინი ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ.

„დღეს დავიწყებთ „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ პროგრამას და აქ მინდა, განმარტება გავაკეთო. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც დღეს გადავდგამთ. ამ ნაბიჯის დროულად დასრულებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იუსტიციის სამინსიტროს.  აქამდე ეს ყველა პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ასევე ტურიზმის სააგენტოში. თითეულ მოქალაქეს უწევდა, ჩამოსულიყო თბილისში, რომ ამ პროგრამას გაცნობოდა და გამხდარიყო ამ პროგრამის ბენეფიციარი.

დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, 80 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურეობა, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად იქნა განხორციელებული და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეგიონალური მასშტაბით გავშალოთ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები.

ჩვენ დღეს ამ პროგრამის პრეზენტაციას და დაწყებას დავაანონსებთ ამბროლაურში. ესეც სიმბოლურია. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ამბროლაურსა და რაჭას ახლა სტიქიის გამო უჭირს, ამიტომ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს თითეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამების მონაწილე და ამით შეძლონ, დაიწყონ თავისი ბიზნესი, საქმე. თავიდან აიღონ გარკვეული რისკები თავიანთ ოჯახზე, საკუთარ თავზე და წარმატების შემთხვევაში, უკვე თავიანთ სოფელზე, დაბაზე და ასე გაძლიერდება ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.