სამეგრელოში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულები რუხის კლინიკაში მკურნალობენ
სამეგრელოში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დადასტურებული, ინფიცირებულები რუხის კლინიკაში მკურნალობენ

სამეგრელოს რეგიონში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია აცხადებს, ინფიცირების ყველა შემთხვევის კონტაქტები მოძიებულია.

„რეგიონში არის ოთხი კოვიდინფიცირებული. ეს არის სენაკელი ექიმის შემთხვევა, არის ფოთიდან მაშველის შემთხვევა და მარტვილიდან კოვიდინფიცირებული და-ძმა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რაც შეეხება მათ კონტაქტებს, სენაკის შემთხვევაში მოძიებულია 45 კონტაქტი. მათ ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება და პასუხი არის უარყოფითი.

გარდა ამისა, ასევე დადგენილია მარტვილის შემთხვევაში 31 კონტაქტი. ფოთის შემთხვევაში 45 კონტაქტია მოძიებული. ყველა მათგანზე აღებულია ბიოლოგიური ნიმუში“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ოთხივე ინფიცირებული რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.