სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია 18 მოსწავლე
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულია 18 მოსწავლე

სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 15 ახალი  შემთხვევიდან ექვსი ე.წ. საბერიოს კლასტერს უკავშირდება, ერთი ზუგდიდის ოქროს ბირჟის კლასტერს, სამი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ოთხი ინფიცირებული ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეა, ერთი ახალი შემთხვევა კი ხობში დაფიქსირდა.

28 სექტემბერს რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსზე ტესტირება ჯამში 652 პირს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 677 პირი, ხოლო საკარანტინო სივრცეში – 176.
რაც შეეხება ინგირის და რუხის საჯარო სკოლებს, ისინი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ასევე, თვითიზოლაციაში რჩება სოფელ დიდინეძის მოსწავლეთა ნაწილი.

ზუგდიდში კორონავირუსი სულ 18 მოსწავლეს აქვს დადასტურებული, ყველა მათგანი ინფიცირებული მასწავლებლის კონტაქტია.

ახალ შემთხვევებზე ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.