სამეგრელოს რეგიონის განვითარებისთვის ორი მილიონი დოლარი გამოიყოფა
სამეგრელოს რეგიონის განვითარებისთვის ორი მილიონი დოლარი გამოიყოფა

სამეგრელოს რეგიონში, ანაკლიისა და მეზობელი სოფლების განვითარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ორი მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.

მათი ცნობით, USAID-ის მიერ გამოყოფილი თანხით ის პროექტები დაფინანსდება, რომლებიც აღნიშნული რეგიონის სოფლების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს. პროექტი „ზრდა“ 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ახორციელებს, ისევე, როგორც მასში 1 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით მონაწილეობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“.

შესაბამისი ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და USAID-ის პროექტ „ზრდას“ შორის 10 სექტემბერს გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს ADC-ის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და USAID Zrda-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი მოაწერენ.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში.

პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პრიორიტეტულ მიმართულებებს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროს განვითარება წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება. სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა, ასევე მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება.