სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 მაისს, ჩოროწყუს რაიონში, 2000 წელს დაბადებული ვ.გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მ.შ. დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში დააკავეს.

„გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. მას ჩაუტარდა ოპერაცია და ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„მამაკაცი საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. მამაკაცს 11 ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის ორი გამჭოლი ჭრილობა შემღწევი მუცლის ღრუში“,- განაცხადა ექიმმა.