სამეგრელოს პოლიციამ აბაშის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1973 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ზ.დ. გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკრატელი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.