სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე მედპერსონალის გამოკვლევა იწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსზე მედპერსონალის გამოკვლევა იწყება

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მედპერსონალის „კოვიდ-19“-ზე გამოკვლევები იწყება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ განუცხადა.

„სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ლაბორატორიაში დღეს იწყება მედპერსონალის ტესტირება „კოვიდ-19“-ზე. ეს არის ის სამიზნე ჯგუფი, ვისაც უშუალო შეხება აქვს „კოვიდ-19“-ით დიაგნოსტირებულ პაციენტებთან“, – განაცხადა „კორპორაცია პრაიმედის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე მედპერსონალის გამოკვლევა იგეგმება, რის შემდეგაც უკვე ჯანდაცვის თანამშრომლებს გამოიკვლევენ.

„კოვიდ-19“-ზე კვლევები ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მეოთხე დღეა რაც დაიწყო. უკვე გამოკვლეულია 60-მდე ადამიანი. ყველა პასუხი იყო უარყოფითი. ლაბორატორიაში ტესტირება უტარდება რეგიონის ცხელების ცენტრებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფ ადამიანებს.