სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გათავისუფლდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გათავისუფლდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

გვასალიამ მედიის წარმომადგენლებს მისი გათავისუფლების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, მალხაზ თორიას მიერ ხელმოწერილი განკარგულებაც წარუდგინა.

ლაშა გვასალიას თქმით, მისი გათავისუფლების მიზეზი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრობა და ურთიერთობაა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, გიორგი გახარიას ჯერ პოლიტიკური განცხადებაც კი არ გაუკეთებია.

„სხვათა შორის, მე ბიძინა ივანიშვილმა გამომიშვა 2012 წელს „ქართული ოცნების“ გასაძლიერებლად სამეგრელოში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც მე არასდროს არ შევეხები ცუდად, ყოველთვის ვიქნები მადლიერი და ყოველთვის გადავუხდი მადლობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენს მივხედავ“, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.

ამასთან, როგორც ლაშა გვასალიამ აღნიშნა, ის გაათავისუფლეს სამსახურიდან და ასევე პარტიის რიგებიდანაც.

მისივე თქმით, უსამართლოდ მოექცნენ და აპირებს სამართლებრივი გზით ბრძოლას.

აღსანიშნავია, რომ ლაშა გვასალია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე იყო ბოლო რამდენიმე არჩევნებზე.

დღეს გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ზურა როსებაშვილმა ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც. ამასთან, თანამდებობები დატოვეს ფოთის მერის მოადგილეებმა, პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ. დღესვე გადადგნენ მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია და სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი.