სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ფოთში  ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ფოთში  ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერის პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწერელია ფოთის წყალარინების პროექტის მიმდინარეობით დაინტერესდა, ასევე დაათვალიერა თეატრისა და კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციის პროცესი.

„ფოთში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 130 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს. პროექტის მიხედვით სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს. დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60 პროცენტი კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც.

რაც შეეხება, თეატრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს, პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვინტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 700 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი და 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები კი, პროექტის თანახმად, სექტემბრის ბოლოს დასრულდება, მისი ღირებულება 370 ათას ლარზე მეტია.