სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 346 ადამიანს და აღნიშნა, რომ რეგიონის მასშტაბით ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„შემთხვევებიდან სამი ზუგდიდშია, მათ შორის ერთი ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია, ორი არის თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, დანარჩენი ოთხი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ცხელებით იყვნენ მოთავსებული რუხის კლინიკაში. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა თორიამ.

მისივე თქმით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 202 მოქალაქეს.

„რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 73 კოვიდპაციენტი, აქედან 20-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ფოთის ჰოსპიტალში კი, 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 106 ადამიანი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.