სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 15 ზუგდიდში გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 15 ზუგდიდში გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 694 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 26 დადებითი პასუხია. აქედან 15 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, მათ შორის არის ოქროს ბირჟის კლასტერის ათი კონტაქტი, დარაჯის კლასტერის სამი კონტაქტი, ერთი კი, რუხის კლინიკაში ცხელებით შესული პაციენტის კონტაქტია. ამასთან, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, სამი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელიც ბათუმის კლასტერს უკავშირდება. ოთხი შემთხვევა დადასტურდა ხობში და ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტები არიან. რაც შეეხება დარჩენილ ოთხ ინფიცირებულს, ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრებნი არიან.

ჯამში, რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 186 მოქალაქეს შეადგენს. რეგიონის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეში 133 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება რუხის კლინიკას, ამ დროისთვის 78 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან, ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.