სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტირება 309 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 17  პირს დაუდასტურდა.

მალხაზ თორიას თქმით, ცხრა შემთხვევა ზუგდიდში გამოვლინდა, მათ შორის შვიდი ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია; ერთი ინფიცირებული ბაღდადში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთი მათგანი რუხის კლინიკაში ცხელების სიმპტომით შესული პაციენტია; სამი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ისინი ევექსის კლინიკის ექთნები არიან; ხუთი ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების კვლევა.

რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 186-ია.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 78 პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 19 კოვიდინფიცირებული რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი, მათგან ხუთი ზუგდიდის მკვიდრია, ერთი სენაკში, ერთი კი აჭარაში მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცში იმყოფება სულ 133 ადამიანი.