სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:37, 06.11.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 535 ნიმუში გამოიკვლიეს და ვირუსი 117 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების 82 შემთხვევა ზუგდიდს უკავშირდება, 13 შემთხვევა დაფიქსირდა სენაკში, ცხრა წალენჯიხაში, 12 ჩხოროწყუში, ერთი კი ხობში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდპაციენტი. მათგან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ამასთან, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პაციენტი. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 132 ადამიანი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი. ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 37 019, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ჯამში 423-ს შეადგენს.

მსგავსი