სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კომენდანტის საათის დარღვევის ორი ფაქტი დაფიქსირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კომენდანტის საათის დარღვევის ორი ფაქტი დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კომენდანტის საათის დარღვევის ორი ფაქტი დაფიქსირდა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთ შემთხვევაში ეს იყო ფეხით მოსიარულე, ხოლო მეორე შემთხვევაში პირი ავტომანქანით გადაადგილდებოდა კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ.

გუბერნატორის თქმით, რეგიონში ვითარება სტაბილურია. გრძელდება თერმული სკრინინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში. სწორედ ამ სოფლის მკვიდრია 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამასთან, მოწერელიას თქმით, ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილია შვიდი პირი, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ შუახნის ქალთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. ქალს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა.

„ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ადამიანები არიან ის პირები, ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა მოწერელიამ.

მისივე ინფორმაციით, ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე სულ 81 მოქალაქეა, ხოლო თვითიზოლაციაში 224 მოქალაქე იმყოფება მთელი რეგიონის მასშტაბით. 496 ადამიანს უკვე მოეხსნა თვითიზოლაცია.

„ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება შვიდი ადამიანი. მათგან ორს, იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის. ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა – შუახნის მამაკაცი. მას სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც აქვს, ხოლო დაკვირვების ქვეშ იმყოფება ოთხი ადამიანი. ესენი არიან დედ-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. მათ დღესაც ჩაუტარდებათ ინფექციურში კვლევები. ჩვენ აქტიურად ვახდენთ სოფელ ზედა ეწერში თერმოსკრინინგს, ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვითეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასობრივი სკრინინგი. ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება. არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

დატოვე კომენტარი