ახალი სკოლის მოდელის პროგრამის ფარგლებში, პროექტი, „მე-უკეთესი მომავლისთვის“ დაიწყო
ახალი სკოლის მოდელის პროგრამის ფარგლებში, პროექტი, „მე-უკეთესი მომავლისთვის“ დაიწყო

ახალი სკოლის მოდელის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ლიდერობის ექსპერტის ინიციატივით, ფოთის N 12, N 11, ასევე უკრაინის სტუსის სახელობის კრამატორსკის ლიცეუმის (უკრაინა) და ქალაქ დროჩიას საჯარო ლიცეუმის B.P.-Hasdeu (მოლდოვა) მოსწავლეებთან თანამშრომლობის საფუძველზე, საგანმანათლებლო სასწავლო პროექტი, „მე-უკეთესი მომავლისთვის“ დაიწყო. სასკოლო პროექტში მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან ჩართული.

პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა. შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სკოლის მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე. პროექტის საკვლევი ობიექტი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

„პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ამოიცნობენ პრობლემას, აღწერენ მას კონკრეტულ პოსტერზე, გაანალიზებენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და თანამშრომლობის საფუძველზე წარმოადგენენ საკუთარ ჩარჩო რეკომენდაციებს. პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეები შეასრულებენ სკოლისა და ადგილობრივი თემისთვის/ქალაქისთვის სასარგებლო საქმიანობას. ახალი სკოლის მოდელის ლიდერობის მიმართულება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს კრიტიკულ აზროვნაბაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისათვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მისცემს. პროექტი აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რასაც ცხადყოფს სკოლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები და ამ პროექტებში სასკოლო ქსელის შექმნა, სადაც ერთიანდება ევროპის სხვადასხვა რეგიონი“, – განაცხადა ახალი სკოლის ლიდერობის მიმართულების ექსპერტმა, ზაზა ჭანტურიამ.