სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა იმედი გამოთქვა, რომ რუხის საავადმყოფოს მშენებლობა დროულად და ხარისხიანად დასრულდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა იმედი გამოთქვა, რომ რუხის საავადმყოფოს მშენებლობა დროულად და ხარისხიანად დასრულდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები შეიქმნა და იმედი გამოთქვა, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დასრულდება.

„კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როცა საბოლოო შედეგს ვნახავ. მშენებლობას რა თქმა უნდა, ხშირად ვესტუმრები. საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დროულად და ხარისხიანად ჩატარდება. რაც შეეხება შეფერხებებს, მითხრეს რომ პროექტში ცვლილება იქნა შეტანილი,” – განაცხადა მოწერელიამ.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის 25 აგვისტოს დაიწყო.

კომპლექსი შვიდი ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება: მთავარი კორპუსი, ქიმიო და სხივური თერაპიის ბლოკი, მიმღები ბლოკი, კვების ბლოკი, ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო ბლოკი, პათოლოგ-ანატომიური კორპუსი, საქვაბე, საგენერატორო სადგური, ავტოსადგომი 180 მანქანაზე, ვეტროდრომი, გამწმენდი ნაგებობა ბიოტალი, კანალიზაციის ტუმბოები წყლის რეზერვუარი – 250X2 მეტრ/კუბი და საერთო საცხოვრებელი. ამ ბლოკებიდან ნაწილი ხუთი, ნაწილი კი, ორსართულიანია. საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ.-ზე მეტს შეადგენს.