სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - რეგიონში დღემდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 142 ფაქტია გამოვლენილი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - რეგიონში დღემდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 142 ფაქტია გამოვლენილი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საერთო ჯამში საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევის გამო 141 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევაა და ისინი მკურნალობას აგრძელებენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ნინო ვიბლიანი აცხადებს, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 68 პირია. რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 55 პირი, თვითიზოლაცია ​კი დაასრულა 685-მა ადამიანმა.

გუბერნატორის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. პროცესი უკვე დასრულდა ზედაეწერში, ამჟამად კი ​ინგირსა და შამგონაში მიმდინარეობს.

რაც შეეხება მამაკაცს, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი და ცხოვრობს ხონში, ნინო ვიბლიანი ამბობს, რომ ის ინფექციურ კლინიკაში იმყოფება.

„ახალგაზრდა მამაკაცი 29 მარტს არის შეყვანილი საკარანტინო სივრცეში, წუხელ გადმოიყვანეს საკარანტინო ზონიდან ინფექციურში, მისი ნიმუში გასაგზავნია თუ არა ამას ინფექციონისტები დღეს გადაწყვეტენ“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.