სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა კონკრეტული საკითხების გადაჭრას უნდა მოხმარდეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა კონკრეტული საკითხების გადაჭრას უნდა მოხმარდეს

ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის ფართო და აქტიური მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი ადგილობრივი მმართველობის მთელ სპექტრზე,-ამის შესახებ  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა კონკრეტული საკითხების გადაჭრას მოხმარდეს და მოსახლეობასთან კომუნიკაციის დონე გაიზარდოს. ალექსანდრე მოწერელიამ უფროსი თაობის სპეციალისტების პოტენციალისა და გამოცდილების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„სახელმწიფო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტია და ამ საქმეში ყველა იმ სახელმწიფო მოხელის იმედი გვაქვს, ვინც კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ასევე, მეტს ველოდებით საკრებულოებიდან. ეს ხელისუფლების მნიშვნელოვანი შტოა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კონტროლი, გამჭვირვალობა და საჯაროობა. თუმცა, ხშირად სურათი ამ მოთხოვნების ადეკვატური არ არის. სამწუხაროდ, დამაკმაყოფილებლად ვერ მივიჩნევთ ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციის დონეს მოსახლეობასთან, რომლის წინაშე ანგარიშვალდებულება მეტწილად იგნორირებულია. ყურადღების მიღმა რჩება აგრარული დარგის, მათ შორის, უფროსი თაობის სპეციალისტების პოტენციალი, რომელთა გამოცდილება ფასეულია ჩვენთვის. აქტიური კომუნიკაციის დამკვიდრება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მმართველობის, მისი ინსტიტუციების პასუხისმგებლობის ამაღლებას მოსახლეობის წინაშე და გამორიცხავს ნიჰილიზმსა და გულგრილობას“, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ახალი გუბერნატორი საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა კეთილსინდისიერი თანამშრომლის შრომა დაფასდება.

სამეგრელო- ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინეს. 

შეხვედრაზე ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა მთლიანად უნდა იყოს მიმართული არა საქმის ფორმალურად კეთებისკენ, არამედ სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებისა და მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ.