სამედიცინო კონსილიუმისა და სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან
სამედიცინო კონსილიუმისა და სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხვდებიან.

როგორც ჟურნალისტებს ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განუცხადა, მას ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაურეკა და სამინისტროში მისვლა სთხოვა.

„კონკრეტულად არ ვიცი, ვინ დამიბარა. მე დამირეკა ეკა ადამიამ. მე ჯანდაცვის სამინისტროში ისედაც ექსპერტი ვარ და ხშირად მიწევს ხოლმე მოსვლა. ასე რომ, ჩემთვის ეს ახალი არ არის. დღეს დამირეკეს, მაგას ვერ გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში. ახლა გავიგე ამის შესახებ. დაგვირეკეს დღეს სადღაც შუადღისკენ. მე დამირეკა არა მინისტრმა, არამედ ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა შეხვედრაზე საუბარი იმ დასკვნაზე, რომელიც გუშინ ექიმთა ჯგუფმა გამოაქვეყნა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რაზე იქნება საუბარი.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით დასკვნაზე. ჩვენ გამოვაქვეყნეთ თავისი დანართით, სადაც დეტალურად აღვწერეთ. თუ იქნება საუბარი, ვისაუბრებთ, თუ არადა, რაზეც იქნება საუბარი, იმაზე ვისაუბრებთ“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სავარაუდოდ კონსილიუმსა და ექიმთა ჯგუფში შემავალი ყველა ექიმი იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის შესახებ დასმულ კითხვაზე ექიმმა განაცხადა, რომ ეს შიმშილობის დროს მოსალოდნელი გართულებაა.

„ეს შიმშილობასთან ასოცირებული გართულებებია, მოსალოდნელია ყოველთვის, ვინც შიმშილობს. არ ვიცი, შესაძლებელია არც ისე მძიმედაა საქმე. მე პაციენტზე ვისაუბრებ, ხელისუფლების პროგნოზირებას არ გავაკეთებ. შეიძლება, არც ისე მძიმედაა საქმე, როგორც ჩანს, ან შეიძლება უფრო მძიმედაა, მაგრამ დეტალები არ არის ჩემთვის ცნობილი. სანამ სასიცოცხლო პარამეტრები და დეტალები არ იქნება ჩემთვის, ცნობილი ამაზე საუბარი არ არის სწორი“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მისივე თქმით, ექიმთა ჯგუფის დასკვნაში ნახსენები ათდღიანი პერიოდი ვარაუდი იყო.

„ვერ გეტყვით ახლა. ათი დღე ეს ვარაუდია, ეს დაშვებაა, პროგნოზირებადი არ არის ხოლმე ასეთი მდგომარეობები. ის დაშვებაა, რომ ათი დღის შემდეგ მისი რისკი მკვეთრად მოიმატებდა, მაგრამ სულაც არ იყო ამაში ნაგულისხმევი ის, რომ დღეს იგივე რისკი არ არის და გუშინ და გუშინწინ არ ყოფილა იგივე რისკი. ჩვენ ამიტომაც ავტეხეთ განგაშის ზარები მაშინვე რომ რისკი დავინახეთ“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

მისივე თქმით, ექიმთა ჯგუფმა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უკვე კატეგორიულად მოითხოვა გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

„თუ ამაზე კითხვა დაისმევა, რა თქმა უნდა, ვისაუბრებ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. მგონი, ახლა მართლა არც არავინ წავა წინააღმდეგი, თუ მართლა ისე მძიმეა საქმე, როგორც თქვენ ამბობთ. მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

რაც შეეხება გონების დაკარგვას, ექიმის თქმით, ეს მძიმეა, მაგრამ ამ ეპიზოდს ამ ეტაპზე სხვა სახელს ვერ დაარქმევს, გარდა გონების დაკარგვისა.

„ეს, რა თქმა უნდა, მძიმეა, მაგრამ სახელს ვერ დავარქმევთ, გარდა გონების კარგვისა, სხვა სახელს ვერ დავარქმევ ჯერ, რატომ დაკარგა გონება, თუ არ მეცოდინება სასიცოცხლო პარამეტრები. არ მინდა, რომ ისე ვილაპარაკო, შიგნით უფრო ექნებათ ინფორმაცია“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.