სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წელს 36 513 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წელს 36 513 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წელს 36 513 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას.

„2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის სამართალდარღვევა, ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით დაფიქსირდა 34 შემთხვევაში. საერთო ჯამში კონფისკაციას დაექვემდებარა 36 513 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე აღნიშნავს, რომ სააგენტოს თანამშრომლები, საკონტროლო შესყიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.

„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე იწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი სანქცია 16 000 ლარს შეადგენს. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა, პირველ ეტაპზე 6000 ლარს ითვალისწინებს, განმეორებით კი – 12000 ლარს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგულირების სააგენტო, უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით. სისხლის სამართლის ტიპის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მისი გადაგზავნა ხდება შესაბამის უწყებებში“, – განმარტავს გიორგი გუნცაძე.

გარდა აფთიაქებისა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც. იმ შემთხვევაში თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას მას სამი წლით ეზღუდება მუშაობის უფლება და მისი განთავსება ხდება სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში განთავსდა რვა ფარმაცევტი, ხოლო 2021 წელს – ცხრა.