სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წლის ანგარიში წარადგინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისივე განცხადებით, მიზნის მისაღწევად უწყება არაერთ რეფორმას ახორციელებს, რომელთა აღსრულების კონტროლსაც რეგულირების სააგენტო ახდენს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ლიკა ჭუმბურიძის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; მიმდინარე წელს გაძლიერდა კლინიკებში შიდა ინფექციის კონტროლის მექანიზმები; ძალაში შევიდა რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები; ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიხსნა თურქეთის ბაზარი; ამოქმედდა სავალდებულო ელექტრონული რეცეპტების სისტემა; მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაინერგა GMP/GDP სტანდარტები, მომდევნო წლიდან კი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია გაიხსნება.

ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კლინიკური შეფასების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი ასოციაციების ჩართვა იგეგმება. მისივე თქმით, ცვლილება პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის პროცესს ბევრად გააუმჯობესებს.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამილა ბარკალაია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის, ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.