სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ არარეგისტრირებულ მედიკამენტებს იყენებდნენ.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ბაზარზე წამლის რეგისტრაციას ახდენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მომართვის საფუძველზე.

მათივე ცნობით, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციისას, მოთხოვნილია GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტი და ხარისხის დამადასტურებელი სხვა სერტიფიკატები.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის, განვმარტავთ, რომ საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია ხდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რეგისტრაცია ხორციელდება ორი მეთოდით – ეროვნული და აღიარებითი რეჟიმით. საქართველოს ბაზარზე წამლის რეგისტრაციას ახდენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მომართვის საფუძველზე.

ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციისას, მოთხოვნილია GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტი და ხარისხის დამადასტურებელი სხვა სერტიფიკატები.

ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციის საფუძველია სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს დიფერენცირება სანდოობის, საკუთარ ბაზრებზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების უნარის მიხედვით.

ეროვნული რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციისას კი ხორციელდება სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ადმინისტრაციული და მეცნიერულ-ტექნიკური ექსპერტიზა, პრეპარატის ხარისხის დადასტურების შემდეგ კი ხდება ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მოქმედებს სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო. მათ შორის არის FDA (აშშ-ის საკვების და წამლების მარეგულირებელი სააგენტო), EMA (ევროპის წამლის სააგენტო) და ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო. აქედან გამომდინარე, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, ხდება იმ მედიკამენტების რეგისტრაცია, რომელიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.