სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს
სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს

სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50- მდე ბავშვი შეიყვანეს. პაციენტები კლინიკაში თვითდინებით გადაიყვანეს. ბავშვები გორის კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან.

არსებული ინფორმაციით, მოწამვლის სიმპტომები აქვთ მოზრდილებსაც, თუმცა მათ კლინიკისთვის არ მიუმართავთ.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში 48 პაციენტმა მოგვმართა. მათგან 16 რჩება სტაციონარში, დანარჩენს გაეწია გადაუდებელი დახმარება და გაეწერა ბინაზე. ბავშვები არიან შემოსული მწვავე გასტროინტესტინალური დარღვევებით. აღენიშნებათ ბაქტერიული საკვებისმიერი მძიმე დაუზუსტებელი ინტოქსიკაცია, გულის რევა, ღებინება, რაც შესაძლოა, გამოიწვია საკვებმა, წყალმა, ან ვირუსი იყოს. დაზუსტებით ძნელია თქმა, რამ გამოიწვია მოწამვლა“,- განაცხადა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.

ამასთან, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადბით, წყლის კომპანიამ სინჯები აიღო და პირველადი ინფორმაცია ერთ საათში გახდება ცნობილი.

„ინფიცირების წყარო დაუდგენელია. შესაძლოა, ეს იყოს ენტეროვირუსი. წყლის კომპანიამ აიღო სინჯები და ერთ საათში პირველადი ინფორმაცია გვექნება. ტერიტორია, საიდანაც წყალი სათავეს იღებს, შემოღობილია, დაცულია და იქლორება. აქედან გამოდინარე, წყლისგან მოწამვლა ვფიქრობთ, გამოირიცხება“-  განაცხადა სიმონ გულედანმა.

 

დატოვე კომენტარი