სამების ტაძარში ხვალ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
სამების ტაძარში ხვალ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს, მათ შორის ექვსი სამხედრო, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ოჯახებისთვის ცხედრების გადაცემის და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი დაგეგმილია 23-24 აპრილს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 23 აპრილს, 17:00 საათიდან და 24 აპრილს 11:00-დან 14:00 საათამდე.

„ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე; ხოლო იდენტიფიცირებულთაგან ოთხი ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.