სამების ტაძარში ილიაობასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს [ფოტო]
სამების ტაძარში ილიაობასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს [ფოტო]

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილიაობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს.

2 აგვისტოს ილია მეორის ანგელოზის დღეც აღინიშნება.

„2 აგვისტოს ეკლესია წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის ხსენების დღეს დღესასწაულობს. დღეს მისი უწმინდესობის ანგელოზის დღეა. მოგეხსენებათ, 1957 წელს, როდესაც მისი უწმინდესობა ბერად აღკვეცეს, მას ილია წინასწარმეტყველის სახელი უწოდეს. მის უწმინდესობას ამ დღესასწაულს ვულოცავთ და მრავალჟამიერს ვუსურვებთ მის მამამთავრობას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამა იოანემ.

სადღესასწაულო წირვას, მღვდელმთავრებთან და მრევლთან ერთად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან. სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი იმყოფებიან.