სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო პირია.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით.

„ამ ეტაპზე მოხერხდა კიდევ ხუთი ნეშტის მოძიება და იდენტიფიცირება. დღეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში შევხვდით მათ ოჯახებს, ახლობლებს და გადავეცით სრული ინფორმაცია იდენტიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით. ხუთი პირიდან სამი სამოქალაქო პირია და ორი სამხედრო, მათ შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე, რომელიც იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, უამრავი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი შეეწირა არაერთ ომს.

„ეს პროცესი ჩვენი ღია ჭრილობაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, განსაკუთრებით წითელ ჯვარს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

იდენტიფიცირებულთაგან ერთი ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.