სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები, რომლებმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირიდან ოთხს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, გადმოსვენებულთა დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე იგეგმება, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (ექვსი სამხედრო, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე) რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.

„აუცილებლად განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძლიერი მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ინტენსიური მუშაობით და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებას. საბოლოოდ კი, მოხდება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რომელმაც არაერთი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა.

ამ ეტაპისთვის 2 300-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მათგან უკვე გადაეცა ოჯახებს 206 იდენტიფიცირებული პირი. ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ ამ პროცესს. როდესაც ჩვენ გადმოვასვენეთ 13 ჩვენი მოქალაქე კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადაეცა ოჯახს ერთი იდენტიფიცირებული პირი სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.