სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. 12:15 საათიდან სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

სამების ტაძარში უკვე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თბილისის მერი და ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის ტაძარში დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.